უკრაინაში, ტერნოპოლის მხარეში, მღვდელმსახურს, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა 500 ადამიანთან. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ ჰერაშენკოს ცნობით, მღვდელმსახური სხვადასხვა საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობდა.
„დავითვალეთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მას კონტაქტი ჰქონდა 500-მდე ადამიანთან. იმყოფებოდა საეკლესიო მსახურებებზე, იხდიდა პანაშვიდებს. ახლა ჩვენ ვეძებთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ჰერაშენკომ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმა არ იცოდა ინფიცირების შესახებ, კორონავირუსთან დაკავშირებით არასერიოზული დამოკიდებულება უნდა შეჩერდეს.
„ჩვენ კარანტინი შემოვიღეთ და ვთხოვეთ მღვდელმსახურებს, შეეჩერებინათ საეკლესიო რიტუალები და ადამიანებთან მასობრივი კონტაქტი“, – თქვა მინისტრის მოადგილემ.