ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 97 პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა არის მძიმე.
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 4 მძიმე პაციენტი. ეზუგბაიას განცხადებით, 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა გუშინ დასტაბილურდა.
„დღეს ჯერ კიდევ თავს ვიკავებ, ვთქვა, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დღეს იქნება მეორე დღე მათი მდგომარეობის შეფასებისთვის, როგორც სუბიექტურ-ობიექტური, ისე ლაბორატორიული მონაცემებით და თუ დღესაც სტაბილური იქნება მათი მდგომარეობა, შეიძლება ვთქვათ, რომ, ალბათ, უკვე უნდა ველოდოთ გაუმჯობესებას”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, გუშინ 21 ადამიანის PCR ტესტირება ჩატარდა. კონცენტრაციის მკვეთრად შემცირება დაფიქსირდა იმ ადამიანების ანალიზებში, რომელთა გამოჯანმრთელებას ექიმები მალე ელოდებიან. დღეს დილას 4 ადამიანს გაუკეთეს ტესტი, მათი შედეგები დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 97 ადამიანი. ამჟამად დადასტურებული შემთხვევებიდან 29 მკურნალობს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი. საქართველოს მასშტაბით, კარანტინში იმყოფება 4876, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264 ადამიანი.