რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 64 პაციენტია, მათგან 47-ს კორონავირუსი აქვს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტი გადაიყვანეს.
„ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძირითადად, ნორმალურია. მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს პნევმონიის ნიშნები, ჯერჯერობით. უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი, კომპიუტერული ტომოგრაფია და დაწვრილებითი ანალიზები.
მათი კლასტერები ცნობილია, ეპიდანამნეზი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იცის. შეიძლება, ზუსტად ვერ გითხრათ, მაგრამ ერთი არის თეთრიწყაროდან, ნაწილი თბილისიდანაა გადმოყვანილი. არცერთი არ არის მძიმე”, – განაცხადა ექიმმა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ლევან გოფოძის ცნობით, 2 პაციენტი გაეწერა კლინიკიდან, 6 პაციენტს დღეს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინიც გამოჯანმრთელებულად მიიჩნევიან. გამოჯანმრთელების დასადგენად პირველადი ტესტი ჩაუტარდა 3 პაციენტს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 13 პაციენტის ტესტირების შედეგებს ელოდებიან. გოფოძის ცნობით, 11 სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა PCR ტესტი. მთლიანად გაიტესტა რეანიმაციის პერსონალი და გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) პერსონალთა ნაწილი, მათგან არცერთი არ აღმოჩნდა კოვიდინფიცირებული.
27 აპრილის 14:00-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის სურათი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 496
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 149
- მათ შორის გარდაცვლილი – 6
- კარანტინის რეჟიმში – 4932
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3