კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი რეანიმაციაში არ გვყავს - რატიანი

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში აღარ იმყოფებიან.

მისივე თქმით,  ამ ეტაპზე კლინიკაში 78 პაციენტია, აქედან 58 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი გამოჯანმრთელებული ეწერება.

დაახლოებით, 11 პასუხს ელოდებიან განმეორებით ტესტირებაზე და დღის მეორე ნახევარში მიიღებენ შდეგებს.

„რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს – საუბარია სამ პაციენტზე, რომლებიც კორონადადებითები იყვნენ, ორჯერადად ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ერთი პაციენტი, რომელიც არის 46 წლის, აპარატიდან მოხსნილია და თერაპიულ განყოფილებაშია ჩაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 2 ახალი შემთხვევა გვაქვს. ველოდებით მათ პასუხებს. პირველადი სწრაფი ტესტებით პასუხი დადებითია და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ ლუგარიდან. დანარჩენ შემთხვევაში, არანაირი უარყოფითი ჩვენება არც ერთ პაციენტთან არ დასტურდება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა კლინიკამ, რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, 154 დადასტურებული შემთხვევა მიიღო. აქედან, 95 პაციენტი გვყავს გაწერილი. რეანიმაციაში კოვიდინფიცირებული არ გვყავს“, – განაცხადა რატიანმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 297 ადამიანი. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 626;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 297;
  • გარდაცვლილი – 10;
  • კარანტინის რეჟიმში – 4702;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.