ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმ-ინფექციონისტი მარინე ენდელიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„არ აქვს ცხელება და სხვა სიმპტომები. ერთხელ დაუფიქსირდა ცხელება, რისთვისაც მოყვანილი იქნა კლინიკაში, ამის შემდეგ ჩივილები არ აქვს. ცხელება არ აქვს. ჰერმოდინამიკა დამაკმაყოფილებელია. თვითონ იმედიანად არის, სრულიად იცავს რეჟიმს, უნდა სახლში მალე წავიდეს, “ – განაცხადა ენდელაძემ დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში.“
ექიმის განცხადებით, ისინი აკვირდებიან იმ ადამიანებსაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ მოქალაქესთან. მისი თქმით, დაინფიცირებულ ქართველთან ერთად მყოფ მეორე პიროვნებას ინფექცია არ აღმოაჩნდა. რაც შეეხება პაციენტის გაწერის პროცედურებს, მარინე ენდელაძის განმარტებით, კორონავირუსზე ტესტს გარკვეულ პერიოდში გაიმეორებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მას სტაციონარიდან გაწერენ.