კორონავირუსით საქართველოში მესამე ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

“დღეს სამწუხაროდ ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა covid-19-ით გარდაცვალების კიდევ ერთი, საქართველოში რიგით მესამე შემთხვევა” – ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს გენარალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“ეს იყო 86 წლის ქალბატონი, პრაქტიკულად ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინკაში” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

გარდა იმისა, რომ ის გახლდათ 86 წლის, მას ჰქონდა თანმლები მძიმე ნერვოლოგიური დაავადება, ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, რაც შეფასებული იყო მაქსიმალური, 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი დარჩენილი არ იყო, ჰქონდა მძიმე სეფსისი და სხვა გართულებები – ამბობს ცერცვაძე.

პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა – “ექიმებმა ყველაფერი, და კიდევ უფრო მეტიც გააკეთეს, რაც ადამიანს შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლესთან და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა” – თქვა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, მას უჭირს სიტყვა პოზიტიურის გამოყენება, რადგან ადამიანი გარდაიცვალა. “მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ადამიანის გარდაცვალება ხდება სპეციალური ბრიფინგის და განმარტებების მიზეზი, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნები ათასების გარდაცვალების გამო არათუ ახსნა-განმარტებებს, არამედ დაკრძალვას ვერ აუდიან”. – ამბობს ის.