კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა გაიმართა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეხვედრა მოეწყო თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და მისი ხელმძღვანელის, ლევან რატიანის ინიციატივით.

„ეს პირველი მცდელობაა, რომ ერთად შევკრებილიყავით ის ექიმები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, რომელიც ყველაზე უფრო აქტიურად არიან ჩართულები covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლაში. ეს შეხვედრა იყო ძალიან დროული და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ განვიხილეთ წინასწარი შედეგები. გაიმართა ძალიან საქმიანი მსჯელობა, დისკუსია, ამ დაავადების მიმდინარეობის თავისებურებაზე, პირველ ქართულ გამოცდილებაზე, წარმატებულ ნაბიჯებსა და გამოწვევებზე”, განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ზოგიერთ ახალ მიდგომაზე, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული.

„მაგალითად, იყო ბათუმის გამოცდილებაზე საუბარი. რომლებმაც გამოიყენეს ოზონოთერაპია ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემით, ძალიან წარმატებულია. მათ ოზონოთერაპია 4 პაციენტზე გამოიყენეს და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს უკეთეს შემთხვევაში უქრებოდათ მე-13, მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება სულაც 2 თვის შემდეგ.

ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ორგანიზმში სპეციალური მეთოდით.  არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს. სპეციალურ ხსნარში  ხდება მისი გაზავება და ინტრავენურად ხვდება ორგანიზმში“, განმარტავს ცერცვაძე.