კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის სწორი გაშუქებისთვის გამყრელიძე მედიას მადლობას უხდის

პუბლიკა

ამირან გამყრელიძემ საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგის დასაწყისში მადლობა გადაუხადა მედიას კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის სწორად გაშუქებისთვის. ასევე, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად შრომობს ქვეყანაში სიტუაციის კონტროლირებისთვის.

“პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის სწორი გაშუქებისთვის. სწორი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაშუქებას დიდი მნიშვნელობა აქვს.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

„ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია ამას პირდაპირ გეუბნებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით,  ჩინეთში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად უმჯობესდება, მაგრამ ვითარება უარესდება ჩინეთის გარეთ სხვა ქვეყნებში. 115 ქვეყანაშია გვრცელებული უკვე კორონავირუსი. ჩინეთს გარეთ ინფიცირების 25 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა და რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„რაც შეეხება საქართველოს –სულ გვაქვს 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა კვლევას. ზოგი ორჯერ არის გატესტილი და აქედან დადასტურებულია 15 შემთხვევა. აქედან 2 უკავშირდება ირანს, ერთი – ესპანეთს, 7 – იტალიას. ამჟამად ლუგარის ცენტრში 23 ნიმუშს იკვლევენ. აქედან, 17 ინფექციურიდან არის და დანარჩენი სხვადასხვა დაწესებულებიდან. თვითიზოლაცია 21 თებერვლიდან დღემდე 1108 ადამიანს ერჩია. თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი ერთ-ერთი პრობლემაა და გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ აქ მხარდაჭერა გვექნება შსს-დან, რათა კარგად მოხდეს თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონიტორინგი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა თვითიზოლაციაში მყოფი პირების პასუხისმგებლობაზე, მათ მიერ რჩევებისა და წესების დაცვის აუცილებლობაზე.