კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ვადა წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებულად განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების ვადა გრძელდება 2021 წლის 1 იანვრამდე.

სესიაზე დამსწრე 100 დეპუტატიდან კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა და წინააღმდეგ წავიდა 1 დეპუტატი.

კანონპროექტის განხილვის დროს ინიციატივა საპარლამენტო ოპოზიციამ გააკრიტიკა. „ევროპული საქართველო“, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები კანონპროექტს არაკონსტიტუციურს უწოდებენ და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის შეზღუდვის იარაღად აღიქვამენ. სესიას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“.

კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით კი, ვადების გადახედვას სამი მიზეზი აქვს – მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეკონომიკა და მომავალი არჩევნები, რომლის თარიღი, მათი თქმით, არ უნდა შეიცვალოს.