კორონავირუსზე მოქმედი წესების დარღვევაზე პარლამენტი ჯარიმებს განსაზღვრავს

პუბლიკა

დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს მოუწოდა, რომ მოამზადონ კანონპროექტი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი წესების დარღვევისთვის ჯარიმებს განსაზღვრავს.

მისი თქმით, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა, რომ არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, რომ მოქალაქეები არ იცავენ იმ რეკომენდაციებსა და წესების, რაც არის მოწოდებული ჯანდაცვის სამსახურების მიერ.

მე მინდა, ჯანდაცვის და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებს ვთხოვო, რომ დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყოს მუშაობდა და რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ამ წესების ადმინისტრირებას.

კერძოდ თქვენ გახსოვთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ჩვენ გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესებული, რომელიც უკვე საგანგებო მდგოამრეობის ამუწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად, ყოველდღიური, ხშირი, ინდივიდუალური გამოყენებისთვის.

საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა და საჭიროა ახალი ზომების განსაზღვრა იმისთვის, რათა შესაბამისს სამსახურებს უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუაელება, რომ ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ…

იქნება ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში თუ სხვა საჯარო აქტივობებში. დღეს საუბრობდა ცენტრის ხელმძღვანელი, მათ შორის პარკებში, სადაც არის ბევრი ადამიანი შეკრებილი და იქ ადამიანები პირბადეს არ იყენებენ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 23 მაისს დაამტკიცა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” დადგენილება, რომელიც კორონავირუსთან დაკვშირებით რიგ შეზღუდვებს აწესებს.