კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება - ბათუმის მერია

პუბლიკა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე  კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა დემონტაჟს ექვემდებარება. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ბატუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კეთილმოწყობის სამსახურმა დაუკვეთა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს შენობის შესწავლა და მათი დასკვნის შედეგად, აღნიშნული შენობა ექვემდებარება დემონტაჟს. მისი გამაგრებითი სამუშაოები ფაქტიურად შეუძლებელია.

მერიამ განახორციელა ფინანსური რესურსების მობილიზება, დღეის მდგომარეობით ეს შეადგენს დაახლოებით 500 000 ლარს და დამატებით 45 000 ლარი გამოიყოფა საპროექტო სამუშაოებისთვის. ანუ იმისთის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კორპუსის დემონტაჟი.

აღნიშნული თანხები აისახება ბიუჯეტში და ფაქტიურად დღეიდანვე შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება.

მუშავდება საკითხი ბინების გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც მოლაპარაკების კუთხით წარიმართება დაზარალებულებთან. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ მობინადრეები აღნიშნულ საკითხზე, მერიაც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამის ზომებს გაატარებს, ვგულისხმობ ან საბინაო ფონდის გამოყოფას, ან შესაბამისი სახლის მშენებლობას. ამ ეტაპზე ბინების გადაცემის საკითხი დგას”- განაცხადა ედნარ ნატარიძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათგან 3 – ბავშვი. გადარჩა ერთი კაცი, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.