ბათუმში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მინისტრმა მედიასთან ჩამონგრეული კორპუსისა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ნანგრევებში მოყოლილია დაახლოებით 10-15 ადამიანი, ორი მათგანი ხაზზეა მაშველებთან.
გომელაურის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება, რათა დადგინდეს, კონკრეტულად რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა.
„წინასწარი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ვერსია. მათ შორის გაზის ვერსიაც განიხილებოდა. ჩვენი ინფორმაციით, ქვემოთ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, მესაკუთრე აკეთებდა. შეიძლება, ეს იყოს მიზეზი საყრდენი კედლის გამოცლის ან კიდევ სხვა მიზეზი. წინასწარ ვერ ვიტყვით. გამოძიება დავიწყეთ და დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. გამოძიება მიდის და თუ დადგინდება, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.