კორპუსზე აივანს უნებართვოდ აშენებდნენ, მიეცათ გაფრთხილება - ბათუმის მუნიციპალური სამსახური

პუბლიკა

ბათუმში ახალაშენებულ კორპუსზე აივანს უნებართვოდ აშენებდნენ, დაიწყო საქმისწარმოება, – განუცხადეს „პუბლიკას” ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში. მათივე ცნობით, უნებართვო სამუშაოები ფიზიკური პირის საკუთრებაში მიმდინარეობდა.

„მიმდინარეობდა აივნის მშენებლობა. თვითონ პროცესი იყო უნებართვო. არ იყო შეთანხმებული, შესაბამისად, უნებართვო მშენებლობის ფაქტზე დაიწყო მუნიციპალურმა ინსპექციამ წარმოება. მიეცათ შესაბამისი მითითება და გონივრული ვადა, თუ არ მოხდება შესაბამისი რეაგირება, კანონის შესაბამისად დაჯარიმდება პირი”, – განაცხადა მაია შავაძემ.

როგორც „პუბლიკისთვის” გახდა ცნობილი, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები. უწყების განმარტებით, ვინაიდან საქმე ეხებოდა არა სამშენებლო, არამედ სარემონტო სამუშაოებს, მესაკუთრესთან მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის გასაუბრება შედგა. მათივე თქმით, შემთხვევა მუნიციპალური ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება.


4 მაისს facebook-ზე გავრცელდა კადრები, უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე როგორ აშენებდნენ მუშები მაღალსართულიან კორპუსზე აივანს.