თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში შეირჩევა კონკრეტული ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი – „თბილისის ცის ქვეშ“, პანდემიის გამო შეჩერებული იყო და აღდგომის დღესასწაულის შემდეგ განახლდება.
„ეს ღონისძიებები შეიძლება იყოს თბილისის სხვადასხვა რაიონსა და სხვადასხვა სივრცეში, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვისა და მასშტაბურობისთვის. გარდა ამისა, დავეხმარებით ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიამ სერიოზულად დააზარალა. ხალხიც, რა თქმა უნდა, მონატრებულია ასეთ ღონისძიებებს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი შეზღუდვა არსებობდა. შესაბამისად, დღეს უკვე ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მერია წერს, ეს პროექტი მერიამ 2018 წელს დაიწყო და ის ღია სივრცეებსა და პარკებში მასობრივი კულტურული ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს.