კოვიდგადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასოპრტზე“ NCDC-ის პოზიცია იყო სხვა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ამირან გამყრელიძის თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კოვიდგადატანილებს „მწვანე პასპორტი“ ექნებათ მუდმივად, საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო, თუმცა NCDC ამას არ იზიარებდა.

„მწვანე პასპორტში არის 4 ინდიკატორი – ორჯერადი აცრა, გადატანა, ბოლო 72 საათში PCR, ბოლო 24 საათში ანტიგენის სწრაფი ტესტი.

გადატანის შემთხვევაში უვადო „მწვანე პასპორტზე“ ჩვენი პოზიცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მათ ვისაც კორონავირუსი აქვს გადატანილი „მწვანე პასპორტი“ უვადოდ შეუნარჩუნდებათ.