იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი და „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების ხვალინდელი მაჩვენებელი ერთგვარად გადამწყვეტი იქნება.
ჩხაიძის თქმით, ამ მაჩვენებლით შეგვიძლია ვივარაუდოთ, საქართველომ გადაიარა თუ მეექვსე ტალღის პიკი.
„ჩვენს ქვეყანაში არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველთვის აქცენტს ვაკეთებთ სამშაბათზე. ვინაიდან სამშაბათის მაჩვენებელი, როგორც წესი, არის მაქსიმალური და ეს გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ, არის თუ არა მონაცემი პიკური.
ჩვენ დღემდე 26 000 შემთხვევა გვაქვს ყველაზე მაღალი. ეს დაფიქსირდა 2 თებერვალს და მას შემდეგ შემთხვევები იკლებს. ამიტომ ხვალინდელი დღე, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად, არის გადამწყვეტი.
თუ ხვალ 26 000-ზე მეტი არ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ საქართველოში მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა და დიდი ალბათობით შემდეგი დღეების განმავლობაში შემთხვევები შემცირდება“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.
თუმცა, მისი თქმით, უფრო მოსალოდნელია, რომ ხვალ კიდევ ერთი ანტირეკორდი დაფიქსირდეს და საქართველოში დღიურად დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ 26 000-ს გადააჭარბოს.
„ის მოლოდინი, რაც გვაქვს და რაც ყველაზე რეალისტურია, არის შემთხვევების ხუთჯერადი ზრდა ადრე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით. ეს არის 30 000 ინფიცირებული ადამიანი ერთი დღის განმავლობაში. ეს არის ის გზა, რომელიც გამოიარა ევროპის ბევრმა ქვეყანამ და საქართველოშიც შეიძლება დაფიქსირდეს.
თუმცა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვლის 26 000 შემთხვევა იყო მაქსიმუმი და ხვალინდელი მონაცემი იქნება ნაკლები. რაც მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. თქვენ იცით, რომ პიკს ველოდებოდით იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში და დროში, ქრონოლოგიურად ემთხვევა. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ხვალინდელი დღე მართლაც იქნება გადამწყვეტი“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.