კოვიდკლინიკებში მომუშავე მედპერსონალს ექნება 50%-იანი დანამატი ხელფასზე – მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალს ხელფასზე 50%-იანი სახელფასო დანამატი ექნება. აღნიშნულ დადგენილებას მთავრობა დღეს გამოსცემს.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პირველ რიგში ეს ეხება ექიმებს, რომლებიც ჩართულები არიან კოვიდკლინიკებში. მათი სამუშაოს ანაზღაურების შესახებ არის ეს გადაწყვეტილება. დეტალურად გაითვალა ის სახელფასო ფონდი და ექიმები, რომლებიც ჩართულები არიან  დაიყვნენ ჯგუფებად და გუნდებად.

ჩვენ გავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ ექიმთა, უმცროს ექიმთა და ექთანთა სახელფასო ანაზღაურება, ასევე ინფექციონისტების, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში და ის თერაპევტები და ექთნები, რომლებიც ამ პროფილს ფარავენ. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველა ჩართულ ექიმს ექნება 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც არის დღესდღეობით თითოეული ექიმის საბაზრო ღირებულება საათობრივად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.