პარლამენტმა 26 და 27 ივნისს დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო ცვლილება „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში, რომელიც კოვიდპანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო მიღებული ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს.
მიღებული ცვლილების მიხედვით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას, (2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით) იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს.
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ განაცხადა, რომ კანონი გავრცელდება დაახლოებით 2000 პირზე, საიდანაც დიდი უმრავლესობა ფიზიკური პირია, ხოლო 38 კი იურიდიული პირი. ჯარიმის თანხების ჯამური ოდენობა შეადგენს 5,5 მლნ ლარს.