კოვიდრეგულაციების გამო დაჯარიმებულები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან - პრემიერი

პუბლიკა

„იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა.

„დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხება, და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ისე ადმინისტრაციული სახდელისგან განთავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მწვავე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

პანდემიის პერიოდში, კარგად გვესმის, რომ არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა. ძალიან რთული იყო 2020 წელი და აღნიშნული სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივაც სწორედ ამით არის განპირობებული. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარლამენტს. მქონდა კომუნიკაცია ჩვენს გუნდთან, ბუნებრივია, პოლიტსაბჭოსთან, უმრავლესობასთან. აღნიშნული ინიციატივა უმოკლეს დღეებში იქნება მიღებული და დამტკიცებული“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ აღნიშნული ამნისტია შეეხება იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის არიან დაჯარიმებულები.