კოვიდვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის მოთხოვნა დისკრიმინაცია არაა - ლომჯარია

პუბლიკა

„სახალხო დამცველმა საფუძვლიანად შეისწავლა როგორც უახლესი საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ეროვნული კანონმდებლობა ადამიანის უფლებების ჭრილში და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა – ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ, ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატს არაერთმა მოქალაქემ, თუ ორგანიზაციამ მიმართა კითხვით, დისკრიმინაციულია თუ არა ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება შრომით ურთიერთობებში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისთვის არ იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში.

„ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი ეპიდემიოლოგიურ ვითარება, რომლის გამოც ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი იღუპება. შექმნილ ვითარებაში, მოქალაქეთა სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაციის დაჩქარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს…

…დამსაქმებლებს, ასევე მომსახურების გამწევ პირებს უფლება აქვთ, დასაქმებულს ან მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა. აღნიშნული წესები უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლისებს (მაგალითად, სამედიცინო ცნობა ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის თაობაზე) ასევე, გონივრული მისადაგების ღონისძიებებს“, – ამბობს ლომჯარია.

ასევე, სახალხო დამცველის განცხადებით, დისკრიმინაციულ პრაქტიკად არ არის აღიარებული რეგულაციები, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულ საჯარო ადგილებში შესვლა შესაძლებელია ვაქცინირებული ადამიანების, ხოლო არავაქცინირებული პირებისთვის – ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში.

„ზოგიერთ ქვეყანაში ამგვარ სივრცეებში უშვებენ იმ ადამიანებსაც, რომელთაც ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“ გადაიტანეს და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საერთაშორისო პრაქტიკით ვაქცინაციის ჩატარების დავალდებულება მართალია, გამოიწვევს ინდივიდების უფლებებში ჩარევას, თუმცა ასეთი ჩარევა გამართლებულია მაშინ, როდესაც ის ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს – საზოგადოებრივი ჯანდაცვის და აღნიშნულით ადამიანების სიცოცხლის დაცვას.

შექმნილი ვითარების ფონზე, ვაქცინაცია უნდა განიმარტოს არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი კოლექტიური პასუხისმგებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაინტერესებული პირების ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესში დახმარებას, რისთვისაც შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე – 1481. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას აცრისკენ არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა და განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა სიცოცხლის გადასარჩენად, რომელთათვის დღესდღეობით ვაქცინები ხელმისაწვდომი არ არის“, – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.