კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს, „TV პირველმა” პრემიერს ზიარების წესთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა.
„საინტერესოა, დღეს იმდენ რამეზე ვილაპარაკეთ და „TV პირველს” აქვს შეკითხვა ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ ისევე, როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უკიდურესი რისკის შემცველი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
16 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საერთო კოვზით ზიარებისას ვირუსის გავრცელების რისკებზე განაცხადა, რომ „ამისთვის საჭირო არის მეცნიერული კვლევა, თუ ჩვენ ამ კვლევას ჩავატარებთ, მერე შეგვეძლება ამაზე პასუხი“.
გუშინ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს და ამას განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება.