Krab Coffee-ის მფლობელებზე თავდამსხმელს სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა

პუბლიკა

Krab Coffee-ის მფლობელებზე, ქრისტი პირველსა და ბარბარე როკიტაზე თავდამსხმელს, აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა კაცს ეკრძალება Krab Coffee-ის მფლობელებთან მიახლოება და ქვეყნის დატოვება.

„მოსამართლემ გაიზიარა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის პოზიცია, დაცვის მხარის დასაბუთება და ჩემ დასაცავ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, ოღონდ ეს არის საპატიმრო გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით, 3 000 ლარის ოდენობით. მოსამართლემ მხედველობაში მიიღო მისი ეკონომიკური მდგომარეობა, ის გარემოება, რომ ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ის ინახავს ასევე ბებიას და ბაბუას, ამ გარემოებებზე დაყრდნობით ჩემი აზრით, მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება“, – ამბობს ადვოკატი „ტვ პირველთან“.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მოსამართლის დასაბუთების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა გადაწყვეტილებას.

შემთხვევა თბილისში 5 მარტს მოხდა. შსს ამბობს, რომ „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ქრისტი პირველმა თქვა, რომ ღრძილის მოტეხილობა აქვს და იმპლანტი სჭირდება, ხოლო „კრაბ კოფის“ მეორე მფლობელს, ბარბარე როკიტას ცხვირის მოტეხილობის გამო ოპერაცია დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.