კრამერი იმპიჩმენტზე: ეს არის მთავრობის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს კანდიდატის სტატუსს

პუბლიკა

„ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა შეცდომაა. ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ის არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა. კრამერი თბილისში ესწრება საერთაშორისო კონფერენციას – „პუტინიზმის დამარცხება“.

„ჩვენ აქ კონფერენციისთვის იმ დროს ჩამოვედით, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კუთხით საინტერესო დროა. თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფება ევროპაში, ამ პროცესის ხელშესაწყობის მიზნით არგუმენტების წარსადგენად და საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, მისი იმპიჩმენტი სურთ. ვფიქრობ, ეს არის შეცდომა. ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ის არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარების შესახებ. ასე რომ, ვფიქრობ, იმპიჩმენტი არ არის სწორი გადაწყვეტილება. იმპიჩმენტის პროცედურა ასე არ უნდა განხორციელდეს. არ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს”, – განაცხადა კრამერმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის იმპიჩმენტი 1 სექტემბერს დაანონსა. მიზეზი მათივე განმარტებით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის დარღვევაა. ზურაბიშვილმა მთავრობის უარის მიუხედავად, შეხვედრა გამართა გერმანიაში, ასევე იმპიჩმენტის გამოცხადების დღეს სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.