ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.
უშაკოვის თქმით, პუტინთან საუბრისას ტრამპმა „კვლავ წამოჭრა სამხედრო მოქმედებების სწრაფი დასრულების საკითხი“.
პუტინმა აღნიშნა რუსეთის მზადყოფნა, გააგრძელოს მოლაპარაკებების პროცესი უკრაინასთან. ამავდროულად, მან განაცხადა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის თავის მიზნებზე, რაც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს, ციტირებს უშაკოვის სიტყვებს რუსული სამთავრობო მედია ТАСС.
გარდა ამისა, უშაკოვის ცნობით, მოლაპარაკებები სტამბოლში დარჩება რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხრივ ფორმატად. მისივე თქმით, სტამბოლში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის კონკრეტული თარიღები არ განხილულა.
პუტინის თანაშემწე ამბობს, რომ უკრაინის გარდა, სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტმა განიხილა ირანისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის გარშემო არსებული ვითარება.