კრემლის ცნობით, ტრამპმა პუტინი სატელეფონო საუბრისას G7 სამიტზე დაპატიჟა

ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს G7 სამიტის გაფართოებული ფორმატით გამართვის გადაწყვეტილების შესახებ სატელეფონო საუბრისას აუწყა.

შაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების გამო, მომდევნო თვეში დაგეგმილი G7-ის სამიტის გადადება მოუწევდა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამიტის გაფართოებული სიით გამართვას ემხრობა. მან გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეებს შორის ავსტრალია, რუსეთი, სამხრეთ კორეა და ინდოეთიც იყვნენ.

„პრეზიდენტი პუტინი ყველა მიმართულებით დიალოგის მომხრეა”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ტრამპის ინიციატივას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ G7-ის სამიტში რუსეთის ხელახლა შესვლას მხარს არ დაუჭერს, თუმცა, მისი თქმით, მასპინძელმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, სამიტზე ვის მოიწვევს.

რუსეთის სამიტში ხელახლა შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც.

„რუსეთი რამდენიმე წლის წინ გაირიცხა G7-ის ყირიმის ოკუპაციის გამო.  რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმებისა და წესების განგრძობადი დარღვევა არის მიზეზი, რის გამოც რუსეთი კვლავ G7-ის სამიტის ფორმატს მიღმაა და ეს კვლავ ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ტრუდომ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.


რუსეთი G8 სამიტიდან 2014 წელს მას შემდეგ გაირიცხა, რაც ყირიმის რეგიონის ანექსია მოახდინა.