გასული კვირის ბოლოს Wasington Post-მა და The New York Times-მა გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, რომ რამდენიმე დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცის მკვლელობაზე რუსეთს თალიბანის ჯარისკაცებისთვის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.
Washington Post-ის მიერ კვირას გავრცელებული ცნობის თანახმად, რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი კრემლის მიერ შექმნილი პროგრამის ფარგლებში მოკლეს. გამოცემის ცნობით, მათ ამის შესახებ ინფორმაცია ავღანეთში აშშ-ს სპეციალური სამხედრო ძალების მიერ ჩატარებული გამოძიებების შედეგად მოიპოვეს. გამოცემა წერს, რომ კრემლს ტერორისტულ ორგანიზაცია „თალიბანთან” დაკავშირებული სამხედრო პირებისთვის კონკრეტული ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობაზე ჯილდო ჰქონდა დაწესებული.
The New York Times-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსნებმა უკვე დარწმუნებით იციან, რომ როგორც მინიმუმ ერთი ამერიკელი სამხედრო თალიბანთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ დაწესებული ჯილდოს გამო მოკლეს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ მისთვის დაზვერვის სამსახურებს აღნიშნულთან დაკავშირებით არცერთი ცნობა არ მიუწოდებიათ.
ბრალდებები უარყვეს კრემლშიც. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ამერიკელი სამხედროების მკვლელობაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის.
„ეს ცრუ ბრალდებებია”, – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ ტრამპს და რუსეთის პრეზიდეტნს, ვლადიმერ პუტინს აღნიშნულთან დაკავშირებით არასოდეს უსაუბრიათ.
ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ს რუსეთი ტერორისტული ორგანიზაციის „თალიბანის” დახმარებაში არაერთხელ დაუდანაშაულებია, თუმცა რუსეთის მიმართ იგივე ბრალდება არც ერთხელ აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსნების მხრიდან არ გაჟღერებულა.