„კრიმინალი ქვეყანაში ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს და ეს ჩვეულებრივი თემაა“, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების შესახებ გააკეთა.
ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება, დაკავებულია ერთი პირი და დანარჩენი პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
„გაზრდილი კრიმინალი, შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით, გააჩნია, ზოგან გაზრდილია, ზოგან კლება, ეს ჩვეულებრივი თემაა. ეს ხდებოდა ყოველ წელს. ეს სულ მოხდება, ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა, სტატისტიკა, კრიმინალი ხან იზრდება ხან აკლდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
8 აგვისტოს ახალქალაქში მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, მკვლელობას ქალაქში არეულობა მოჰყვა, რომელიც დაახლოებით 19:00 საათისთვის დაიწყო. მოქალაქეთა ჯგუფმა ახალქალაქის ცენტრში ერთ-ერთი სასტუმროს ფანჯრები ჩაამტვრია და შემდეგ შენობის დაწვა სცადა. დაპირისპირების განსამუხტად, გამოცემის ცნობით, ქალაქი ცენტრი და რამდენიმე შენობასთან მისასვლელი სპეცრაზმმა გადაკეტა, ქალაქის სხვა ნაწილებში კი პოლიცია იყო მობილიზებული.
მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამარათლდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, მისი ჩამდენი პირების დადგენა-დაკავებისთვის.
საქმეზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება 10 აგვისტოს წარუდგინა.
„პროკურატურამ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა“ და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისთვის სასამართლოს მიმართა.
„ამავე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით“, – განაცხადა პროკურატურამ.