კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, სადაც დღეს მანამდე დანიელსონმა, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გამართეს შეხვედრა.

შარლ მიშელის მიერ გამოგზავნილი სპეციალური წარმომადგენელი თბილისში უკვე მეორედ ჩამოვიდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციისთვის. პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად მოლაპარაკების განახლება პოლიტიკოსებს შორის ხვალიდან იგეგმება.

„მოუთმენლად ველოდები, ჩავერთო პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პროცესში, ოპოზიციურ და სამთავრობო პარტიებთან, დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.

ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი ძალის ნიშანია. კომპრომისი არის იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა თბილისში დაბრუნების შემდეგ დანიელსონმა.

დიპლომატი საქართველოში ყოფნას 3 დღით გეგმავს და იმედოვნებს, რომ სამშაბათს ქვეყნის დატოვებისას „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკება წარმატებით იქნება დასრულებული.