კრისტიან დანიელსონი საქართველოში სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაიწყებს - ევროკავშირის წარმომადგენლობა

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება.

როგორც „პუბლიკას“ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში განუცხადეს, დანეილსონი საქართველოს მომდევნო ორი დღის პერიოდში ესტუმრება. ხოლო პარტიებთან სამუშაო პროცესი და  მოლაპარაკებები ორშაბათიდან დაიწყება.


შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოფრინდა. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელია და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მედიაციაში ჩაერთო, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევას გულისხმობდა.

კრისტიან დანიელსონი ხვდებოდა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ცალ-ცალკე და ერთადაც. ბოლოს 18 მარტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე  10-საათიანი შეხვედრის შემდეგ გამოსულმა დენიელსონმა განაცხადა, რომ  დარჩა გადაუჭრელი საკითხები და შეთანხმება ვერ შედგა.