კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისაგან არ გამიგია - პრეზიდენტი მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან მოსამართლეების დანიშვნის საკითხზეც გააკეთა კომენტარი.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში წერია „პაუზა“ და არა „შეჩერაბა“.

„მიმდინარეობს პროცესი ყველა მიმართულებით, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს ეხება. კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია. მივიჩნევ, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. ტერმინების თამაში მიდის, რომელსაც მე არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა.

მე ვიცი, რამდენად გადატვირთულია ჩვენი სასამართლო და ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორად, ამაზე მქონდა კიდეც ამერიკის ელჩთან საუბარი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ბევრი მიმართულებით, ეს იქნება საარჩევნო კოდექსი, ამნისტიის კანონი სამართლებრივი კუთხით და მივაღწევთ შედეგს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ულტიმატუმების დრო არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს „ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის პოზიციაზე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის.