კრიტიკულად მნიშვნელოვანი ისაა, როდის აიცრება მილიონ ექვსას მეათასე ადამიანი - ზოიძე ვაქცინაციაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის წარმატებით დასრულებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლების მთელი ვერტიკალი.

მისი თქმით, მთავარია არა ის, „2 კვირით ადრე შემოვა ქვეყანაში ვაქცინა, თუ 2 კვირით გვიან, არამედ 2 კვირით ადრე დასრულდება ვაქცინაცია თუ 2 კვირით გვიან“.

„დაწყება არ არის, თვითმფრინავის კადრის ჩვენება, როგორ ჩამოვიდა პირველი ვაქცინა და პირველმა იღბლიანმა როგორ გაიკეთა. მილიონ მეექვსასე ათასი როგორ გაიკეთებს ამ ვაქცინას, ამ კადრის ჩვენებაა ჩვენთვის პანდემიური შეზღუდვებისგან განთავისუფლების თანასწორი. კამპანია უნდა იყოს, არა სად არის ვაქცინა, არამედ სად არის 40%-ის ვაქცინა“, – ამბობს აკაკი ზოიძე TV პირველთან.

აკაკი ზოიძის თქმით, მთავრობამ, ელჩებმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალისხმევა უნდა მიმართოს იქითკენ, რომ იშოვოს 40%-ის ასაცრელი ვაქცინა. მისი თქმით, 20% გარანტირებულად მოგვეწოდება COVAX-იდან და დაიწყება რისკჯგუფების აცრა.

„ჩემთვის უმთავრესია, კონტრაქტი დავინახო დანარჩენ 40%-ზე, თუნდაც წინასწარი შეთანხმება. დღეს ჩვენი ამოცანაა, პერსპექტიულ მწარმოებლებთან… ახლავე უნდა დავარეზერვოთ როგორმე, თუნდაც მემორანდუმის ან არაოფიციალური შეთანხმების დონეზე. J&J, 20 ვაქცინაა პერსპექტიული, რომელთაც დიდი შანსი აქვთ, მიიღონ ავტორიზაცია. მათთან უნდა წავიდეთ, მათ შორის სხვადასხვა ტექნოლოგიით, რომელიც ზოგი მოქალაქისთვის უფრო მისაღები შეიძლება იყოს და დაგვეხმარება მათ დარწმუნებაში, რომ აიცრან.

ყველა ამ ვაქცინაზე, რომელსაც დიდი შანსი აქვს ავტორიზაციის, ახლავე უნდა დავიწყოთ მუშაობა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, არ გაჩნდეს ცრუ მოლოდინი შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ცრუ მოლოდინი არ გავაჩინოთ. პირველი კადრი რომ იქნება, ვინ აიცრა და ჩამოვიდა თვითმფრინავით პირველი ვაქცინები, არ გადააგდონ ადმიანებმა პირბადე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა პირველი ვინც აიცრის, არამედ მილიონ ექვსას მეათასე ადამიანი, ვინც აიცრის და ამის კადრი უნდა ვაჩვენოთ, რომ გავთავისუფლდეთ დამღუპველი შეზღუდვებისგან. პირველი ვინ გაიკეთებს, მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანისთვის და იმისთვის იქნება ნაკლები რისკი და ტაშს დავუკრავ. მაგრამ ცრუ მოლოდინი არ უნდა გავაჩინოთ, რომ ადამიანებმა არ დაანებონ თავი რეგულაციების დაცვას“, – განმარტა ზოიძემ.


საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად ვაქცინაციის ეროვნული გეგმა გათვლილია სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ზე. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, სულ 1,691,214 ადამიანი უნდა აიცრას. საქართველო Covax-პლატფორმიდან 1.4 მილიონ დოზას ელოდება, რაც მოსახლეობის 20%-ის (700 ათასი ადამიანის) აცრისთვის არის საკმარისი. ასაცრელი მოსახლეობის 40%-ისთვის კი, ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურთა განმარტებით, ქვეყანა სხვადასხვა მწარმოებლებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს წინმსწრებად უკვე გადახდილი აქვს 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო თანხის ნაწილი – 4 მილიონი აშშ დოლარი და როგორც გუშინ გახდა ცნობილი, COVAX-პლატფორმაზე ვაქცინისთვის კიდევ 575 000 დოლარი გადარიცხა. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, ჯამში სხვადასხვა ვაქცინასთან მიმართებით გაკეთებულია ფინანსური გათვლებიც და მიმდინარე წლის სავარაუდო ბიუჯეტი 65 მილიონიდან 170 მილიონამდე მერყეობს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია მარტში შემოვა. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას შემოიტანენ.