ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა.
„ორი კრიტიკული რომ გვყავდა, ახლა ერთი დაგვრჩა. მეორე კრიტიკულის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი კრიტიკული და ოთხი მძიმე პაციენტი გვყავს, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ, რამდენიმე დღეში შეიძლება ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ უკვე მათი გამოჯანმრთელებაც დადგება”, – უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის კლინიკას უახლოეს მომავალში დატოვებს. მარინა ეზუგბაიას თქმით, კვლევა-მონიტორინგი კიდევ 3 პაციენტზე ტარდება და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მათი გამოჯანმრთელებაც დადასტურდება.
დადასტურებული COVID-19-ის 156 შემთხვევიდან 39 მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. ეზუგბაიას თქმით, ბოლო დადასტურებული შემთხვევებიდან მათ ცენტრს არავინ შემატებია. თუმცა კლინიკაში შევიდნენ გერმანიიდან ჩამოსული პირები, რომელთაც გამოკვლევები უტარდებათ და მათი პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –156;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 28;
- კარანტინის რეჟიმში – 5526;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.