კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას წაახალისებს - TI სასამართლოს განაჩენზე

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას წაახალისებს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების, მათი დისკრედიტაციისა და ხელისუფლების მხრიდან არაეფექტიანი რეაგირების ფონზე, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვახო სანაიას საქმე არ შეიძლება განხილული იყოს ქვეყნის მედიაგარემოში განვითარებული მოვლენებისგან განყენებულად, როცა კრიტიკული მედიის მფლობელების, მმართველების ან მათი ოჯახის წევრების მიმართ გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

„ამასთანავე, ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმის ფაქტების ეფექტურად გამოძიება არ ხდება, მათ შორის, დღემდე არ დამდგარა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე მასიური თავდასხმის ორგანიზატორებისა და ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ დღეს სახელმწიფო ჟურნალისტების უსაფრთხოებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

რამდენიმე კვირაში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ამ ფონზე კი კრიტიკული მედიასაშუალებები იღებენ მკაფიო გზავნილს, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ იქნება. აღნიშნული გარემოება ამძიმებს მედიის მდგომარეობას წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ როცა სწორედ მედიის მიერ საზოგადოებისთვის კრიტიკული ინფორმაციის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.