კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

პუბლიკა

რუსების მიერ უკრაინის  ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 18-მდე გაიზარდა.  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაღუპულთა შორის 9 ბავშვია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ დაზიანდა 5 საცხოვრებელი კორპუსი, შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მათი „მაღალი სიზუსტის სარაკეტო იერიშის” სამიზნე “დანაყოფების მეთაურებისა და დასავლელი ინსტრუქტორების” შეხვედრა იყო რესტორანში და იერიშის შედეგად 85 ადამიანამდე დაიღუპა. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მტკიცებულება არ წარუდგენია.

ზელენსკის განცხადებით, თავდასხმამ დაადასტურა, რომ მოსკოვი არ იყო დაინტერესებული მშვიდობით.

„ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, რის გამოც ასე გრძელდება: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ამას ვხედავთ. ამას მთელი მსოფლიო ხედავს… ყოველი რაკეტა, ყოველი თავდასხმის დრონი ადასტურებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი უნდა“, – წერს ზელენსკი.