კრიზისიდან გამოსასვლელად წელს ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს - გოგაშვილი

პუბლიკა
„დარჩა კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად – 2021-ში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ცრუ კერპების დანგრევა გრძელდება“, – ასე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლას.

გოგაშვილის თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელია არა იმიტომ, რომ ამას მოითხოვს ოპოზიცია, არამედ ქვეყანაში „დღეს არსებული სამმხრივი კრიზისისა“ და უცხოელი პარტნიორების განწყობის გამო.

„ეს არის განპირობებული დღეს არსებული სამმხრივი კრიზისიდან გამომდინარე მოცემულობიდან, რომელსაც ემატება ჩვენი უცხოელი პარტნიორების განწყობები.

ნაცების მობრუნების მუდმივი შიშით ქვეყნის ინტერესები არ არ უნდა გადავაყოლოთ პიროვნებებს ან მათ პოზიციებს“, – წერს გოგაშვილი.

თუმცა, მისი თქმით, პროპორციული არჩევნები სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის დიდ რისკს შეიცავს და საქართველოსთვის საჭიროა მაჟორიტარული სისტემა.

სოსო გოგაშვილი 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. 2015-2018 წლებში კი სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ამის შემდეგ მან მუშაობა „ქართულ ოცნებაში“ გააგრძელა, რომელიც 2020 წლის 7 ოქტომბერს დატოვა.

გოგაშვილმა 13 თებერვალს „TV პირველის“ ეთერში ნოდარ მელაძესთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ პარტიის დატოვებისას იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებდა პოლიტიკიდან წასვლას, რის გამოც თავის თავს „ქართულ ოცნებაში“ ვეღარ ხედავდა.

გოგაშვილის თქმით, ის მუშაობის გაგრძელებას არასამთავრობო სექტორში აპირებს და გეგმავს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია შექმნას.

„[სოსო გოგაშვილი] ახლა ემზადება ახალი საქმიანობისთვის. ეს არის ახალი ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე… დიდი ხანია, ამაზე მქონდა მსჯელობა, რომ ასეთი ორგანიზაცია დაგვეფუძნებინა. იმიტომ, რომ არის საჭიროება ზეპარტიული ორგანიზაციის, რომელიც ამ უსაფრთხოების კვლევებზე იმუშავებს ობიექტურად“, – განაცხადა გოგაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

გოგაშვილის თქმით, ის ორგანიზაციის ჩამოყალიბების შემდეგ თავის თვალთახედვასა თუ კვლევებს პირველ რიგში ხელისუფლებას შესთავაზებს, თუმცა არ გამორიცხავს ოპოზციასთან თანამშრომლობასაც.

თუმცა, შეკითხვაზე, ხომ არ გეგმავს „ქართული ოცნებიდან“ წასულ სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ხელისუფლებისთვის ბრძოლას, გოგაშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს ვერც ერთ ისეთ ძალას, რომელთან ერთადაც ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იბრძოლებდა.

„ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის რომ ვიღწვი, ეს რაში გამოიხატება ვერ ვხვდები, ჯერ ერთი და მეორე, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდე დღეს, ვისთან ერთად უნდა დაბრუნდე? მე ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელიც იდეოლოგიაზე იქნება დამყარებული“, – თქვა გოგაშვილმა და დასძინა, რომ თავისი ორგანიზაციის ხედვასთან დაკავშირებით შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ კი ითანამშრომლოს, რომელსაც წარსულში უპირისპირდებოდა. ამისთვის, გოგაშვილის თქმით, საჭიროა, პარტია „ტერორისტებსა და კრიმინალებს გაემიჯნოს“.