კრიზისიდან გამოსვლის 6 ნაბიჯი | 12 ბიზნესასოციაცია პრემიერს მიმართავს

პუბლიკა

12 ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. მათი განცხადებით, გაერთიანებული პლატფორმის ინიციატივის მიზანია, გვერდში დავუდგეთ მთავრობას, რათა ქვეყანამ ეკონომიკური პრობლემები ნაკლები დანაკარგით დაძლიოს.

გთავაზობთ განცხადებას:

„დარგთაშორისი გაერთიანებული პლატფორმის ამ ინიციატივის მიზანია, გვერდში დავუდგეთ მთავრობას, რათა ქვეყანამ ეკონომიკური პრობლემები ნაკლები დანაკარგით დაძლიოს. მთავრობამ არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის თქვენი უშუალო მონაწილეობითაც, დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის გახსნის პროცესი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის გადარჩენისათვის, ნელი ტემპით მიდის. სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა განცხადებები კი მიგვანიშნებს, ქვეყანაში ხელახალი ლოქდაუნის საშიშროებაზე (ე.წ. მესამე ტალღა).

ქვეყნის ეკონომიკა წელიწადზე მეტია ნაწილობრივ ჩაკეტილია. 6 თვე კი სრული ლოქდაუნი გვაქვს, რაც ჩვენი, საკმაოდ ღარიბი ქვეყნისთვის, ყოვლად დაუშვებელი “ფუფუნებაა”. ქვეყანას უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულება აქვს აღებული, რომელსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი ამოქმედებული ბიზნესსექტორია, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებელია.

აუცილებელია:

1. სასწრაფოდ მოიხსნას კომენდანტის საათი:
ქვეყანაში სამუშაო პროცესები 4-5 საათით ადრე წყდება, რის გამოც ეკონომიკა ყოველდღიურად მილიონობით ლარის ზარალს იღებს. ინიშნება ფრენები, იხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოდის ტურისტი, არადა 8 საათზე ჩაბნელებული და გაუკაცრიელებული ქვეყანა სინამდვილეში ანტიპიარის ტოლფასია.

2. ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისათვის აქტიური მზადება:
ასეთი მზადების მაგალითს არაერთი ტურისტული ქვეყანა აჩვენებს, მაგალითად თურქეთი. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, უახლოეს პერიოდში უცხოელი ტურისტი უნდა მივიღოთ. მზადების გარეშე საგრძნობი რაოდენობის ვიზიტორების მიღებას ქვეყანა ვერ შეძლებს – სტუმარ-მასპინძლობის სექტორი განადგურებულია.

3. სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას (რეგულაციების გათვალისწინებით):
სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა კერძო სექტორის ტერიტორიებზე აბსოლუტურად უკონტროლო, ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას იწვევს. პლუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი.

4. დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი:
იმისათვის, რომ დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, აუცილებელია, გაძლიერდეს პროპაგანდა ვაქცინაციის დადებით შედეგებთან დაკავშირებით. დღეს როგორც ვაქცინაციის პროცესი, ასევე პროპაგანდა – არადამაკმაყოფილებელია.

5. შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე:
მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებულია, ამ კრიზისის დროს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ უნდა მოექცეს. ეს როგორც ზოგიერთი დარგის დოტაციას, ასევე საგადასახადო წნეხის მოხსნას, ან მინიმუმ შემცირებას ეხება.

6. შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება:

ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია დადებითი მესიჯების და პოზიტიური განწყობის გარეშე. მედიასაშუალებები, ისევე როგორც მთავრობა, დაკავებულია მხოლოდ უარყოფითი მესიჯების გაჟღერებით: ეპიდ-სიტუაციაზე, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ლარის კურსზე, მკვლელობებზე და ა.შ.

ბატონო პრემიერო, თქვენ მიერ არის დაანონსებული, რომ სულ მალე წარმოდგენილი იქნება ანტიკრიზისული გეგმა – მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ამ გეგმის მომზადებაში. ამ თემებზე სასაუბოდ გთავაზობთ დაიგეგმოს სამუშაო შეხვედრა“, – ნათქვამია ბიზნესასოციაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.