რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით „კროკუსის სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. უწყების ცნობით, პირი იდენტიფიცირებულია და მონაწილეობდა თავდასხმის დაფინანსების სქემაში.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გამოძიება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე სასამართლოს მიმართავს.
ამასთან, საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მათ აქვთ დადასტურებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც თავდასხმაში დამნაშავეებმა „უკრაინიდან მიიღეს მნიშვნელოვანი თანხა და კრიპტოვალუტა, რომელიც გამოიყენეს დანაშაულის მომზადებაში“.
ამასთან, უწყების ცნობით, მოიპოვეს მტკიცებულება დამნაშავეების უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირის შესახებ.
„დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, ამოღებული ტექნიკური მოწყობილობების შესწავლისა და ფინანსური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გაანალიზების შედეგად მოვიპოვეთ მტკიცებულება მათ კავშირზე უკრაინელ ნაციონალისტებთან“, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გავრცელებულ განცხადებაში.
„კროკუს სითი ჰოლში”, მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 143 ადამიანი დაიღუპა. რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, მიმდინარეობს დაღუპულების იდენტიფიცირება.
FSB-მ 23 მარტს 11 დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ისინი გაქცევას „რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ცდილობდნენ”.
უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებულმა არხებმა გაავრცელეს ვიდეოები, სადაც დაკავებულების წამებაა ასახული – ერთ-ერთ ბრალდებულს მოაჭრეს ყური და ელექტროსადენებით აწამეს.