კრწანისის რაიონში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს - მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის განცხადებით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ფაქტი ამ საღამოს დაფიქსირდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მემორიალი ახლახან, მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული, ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.