კუბილიუსს გამორჩა, რომ 43%-ის ვერმიღწევა კონსტიტუციაში რიგგარეშე არჩევნების საფუძვლად უნდა ეწეროს - სარჯველაძე

პუბლიკა

„ანდრიუს კუბილიუსს, როგორც ჩანს, ერთი ფრაზა გამორჩა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ რომელიმე პარტიის მხრიდან 43%-ის ვერმიღწევა წარმოადგენს საფუძველს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, არ არის სწორი მსჯელობა, როდესაც საუბარია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შესაძლოა, ქვეყანაზე ზეწოლა განახორციელოს.

„თუ ჩვენი ქვეყნის არამოქალაქეს უფლება აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა განახორციელოს კონსტიტუციაში ამ სახის ცვლილებების შეტანაზე, კი ბატონო, გნებავთ, თქვენ ასეთი მოსაზრების გჯეროდეთ. არ მგონია, რომ ეს სწორი მსჯელობაა. როცა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, რომც არსებობდეს ეს დოკუმენტი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არის კონსტიტუციით გათვალისწინებული.

შეგიძლიათ, ნახოთ, კონსტიტუცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ჩატარების შესაძლებლობას რა შემთხვევაში უშვებს, ამის მიღმა საფუძვლების შეთხზვა და მოგონება არასწორია. არავის უნდა სიამოვნებდეს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ კონსტიტუციურ პრინციპს და წესრიგს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს და მის უზენაესობას არ უშვებდეს.

თუ ქვეყანა კონსტიტუციას არ დაარღვევს და ამის გამო იქნება წნეხი და ზეწოლა, არ ვიცი. სჯობს, ეს დაზუსტდეს. არ მგონია, კუბილიუსის განცხადებები ასე უნდა განიმარტოს. თუ კუბილიუსის განცხადების ინტერპრეტაცია და აზრი ისეთია, რომ ჩვენი ცხოვრების სარეგულირებლად კონსტიტუცია მნიშვნელოვანი არ არის, ასეთ შემთხვევაში, ეს ამ განცხადების პრობლემაა და არა ჩვენი ქვეყნის“, – განაცხდა სარჯველაძემ.


გუშინ „მთავარ არხთან” საუბრისას ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ „თუ „ქართული ოცნება“ ამ ადგილობრივ არჩევნებში 43% ვერ დააგროვებს, მაშინ ევროკავშირი ზეწოლას მოახდენს მასზე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“.

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.