კუბილიუსი ამბობს, რომ EU-ის დახმარება კანონის უზენაესობასა და საარჩევნო რეფორმასაა მიბმული

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი კორონავირუსთან გასამკლავებლად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კუბილიუსის განცხადებით, ევროკავშირმა მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად მთლიანობაში 3 მილიარდი ევრო გამოყო, რომლიდანაც 962 მილიონი ევრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვისაა გათვალისწინებული, მათ შორის საქართველოსთვის.

კუბილიუსის განცხადებით, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი დახმარება 500 მილიონ ევროს შეადგენს.

მისი თქმით, გაწეული დახმარების საკვანძო კომპონენტი საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთანაა დაკავშირებული, მათ შორის კანონის უზენაესობისა და საარჩევნო რეფორმების ნაწილში.

„ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალობის ნაწილში. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რათა ქვეყანას ჰქონდეს სასამართლო სისტემის უმაღლესი სტანდარტი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქართველმა ხალხმა მაქსიმალურად მიიღოს ღია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის ყველა სარგებელი”, – წერია კუბილიუსის განცხადებაში.

კუბილიუსის თქმით, Covid-19-ის კრიზისი მრავალ ადამიანს დატოვებს უმუშევარს, მრავალი ადამიანი დაკარგავს ბიზნესს, ამიტომ ხელისუფლებას კრიზისზე საპასუხოდ ყველა სახის სოციალური და ეკონომიკური ინსტრუმენტის გამოყენება მოუწევს, რაც სახელმწიფოსთვის უზარმაზარ ხარჯს გულისხმობს.

„სწორედ ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების დახმარება, რომლებმაც ევროპული ინტეგრაციისა და რეფორმების გზა აირჩიეს. ჩვენ ეკონომიკური აღორძინებისა და რეფორმებისთვის უფრო გრძელვადიანი მხარდაჭერა უნდა შევიმუშაოთ ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ უნდა შევადგინოთ უფრო დეტალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის, როგორც ეს დასავლეთი ბალკანეთის რეგიონისთვისაა გათვალისწინებული.

მე გულწრფელად მჯერა, რომ ერთ დღეს საქართველო ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის. მე მჯერა, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანას, გათავისებული აქვს ეს პასუხისმგებლობა”, – წერია კუბილიუსის განცხადებაში.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია არსებობდეს ნდობა მხარეებს შორის, რაც მხოლოდ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში არის შესაძლებელი, მათ შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებით.

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ურთიერთნდობის პირობებში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზანს. ეს ნდობა კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც დადებული შეთანხმებები და დაპირებები შესრულდება, მათ შორის 2020 წლის 8 მარტს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება” , – წერია განცხადებაში.

 


ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმების მეორე ნაწილი საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითვალისწინებს.

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში, საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმების შესახებ დისკუსიას გამოეხმაურა. რიშის თქმით, ის ელის, რომ პარტიები შეასრულებენ ხელშეკრულების პირობებს და პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან.

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას. მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და წინსვლას ახალი საარჩევნო სისტემის ირგვლივ“, – დაწერა სენატორმა Twitter-ზე.