კუჭავა: ერთხელ გავითიშე, თვალი როცა გავახილე, ჩემი სახისკენ ფეხი მოდიოდა, მეორედაც გავითიშე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ კუჭავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადადო.

კუჭავას პოლიციამ 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სცემა. მას აქვს ტვინის შერყევა და წინა მხრის ძვლის მოტეხილობა, შესაბამისად, არის წოლით რეჟიმში.

ავთანდილ კუჭავა ამბობს, რომ სასამართლომ საქმის განხილვა მის გამოჯანმრთელებამდე გადადო.

ამასთან, „ფორმულას“ ეთერში მან 30 ნოემბერს მომხდარზე ილაპარაკა.

ამბობს, რომ მას შემდეგ სცემეს, რაც სპეცრაზმელებს ტელეფონის მიცემაზე უარი უთხრა.

„ადგილზე მივედით 00:28 საათზე. 00:55 საათზე უკვე ნაცემები ვართ და გაფორმებულები ვართ დაკავებულებად. მივედით თუ არა ქაშვეთთან, ხალხის მასამ რომ მოძრაობა დაიწყო, გადავედით გიმნაზიისკენ. 2 წუთის შემდეგ გამოვარდა [პოლიცია].

მობილური გამომართვეს ხელიდან. მობილურს რომ არ ვაძლევდი, ამის გამო დამიწყეს ცემა, იქამდე ხელი არ მომხვედრია არავისგან. ერთხელ გავითიშე. თვალი როცა გავახილე, დავინახე, როგორ მოდიოდა ჩემკენ ფეხი, ბატინკი მოდიოდა ჩემი სახისკენ.

მაგ დროს მეორედ გავითიშე. კიდევ ერთხელ როცა გავახილე თვალი, ხელ-ფეხს ვეღარ ვგრძნობდი, საუბრის უნარი მქონდა დაკარგული. მინდოდა, რაღაც მეთქვა, მაგრამ ვერ ვამბობდი, თავბრუ მეხვეოდა და ვერ ვინძრეოდი. ჯებირთან ვიყავი მიგდებული. იქ კიდევ ერთმა სპეცრაზმელმა წიხლი დამამატა სახეში და მეორე სპეცრაზმელმა მომტეხა ზედა მხარი“, – თქვა ავთანდილ კუჭავა.

მის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

„შსს ედავება 173-ე მუხლს, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ჩვენ შსს-ის ამ პოზიციას არ ვიზიარებთ. ავთანდილის მხრიდან აგრესიას ადგილი არ ჰქონია.

სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალას გადაამეტეს, ფიზიკურად იძალადეს. იმდენად მძიმედ სცემეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა იზოლატორში გადაყვანის შესაძლებლობას, შესაბამისად, განყოფილებიდან ის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს“, – თქვა ტატა ჭაკვნეტაძემ.