კულებას თქმით, EU დადგება „მორალური კრახის“ წინაშე, თუ ივნისში უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი „მორალური კრახის“ წინაშე დადგება, თუ ივნისში უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს.

ჟურნალისტმა კულებას ჰკითხა, რა გზავნილებს აწვდის უცხოელ დიპლომატებს შეხვედრებისას:

„თქვენ უკრაინის არ გჯეროდათ. ახლა შეგიძლიათ დაინახოთ, რომ უკრაინა  ამ ომს მოიგებს. გვერდით დაგვიდექით და იყავით ჩვენი გამარჯვების თანაგამზიარებელი, რადგან ეს არ არის მხოლოდ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის საფრთხე და გამოწვევა, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის. ის უნდა შევაჩეროთ აქვე, რათა სხვებმა არ განიცადონ ის ტანჯვა, რასაც ჩვენ განვიცდით“.

ჟურნალისტმა საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე ჰკითხა – რას ნიშნავს განცხადება „გამარჯვების გარდა, სხვა არაფერი არ იქნება საკმარისი“ და რა ესახება გამარჯვებად?

„უნდა გაიგოთ, რომ ეს არის ომი ჩვენი არსებობისთვის, რადგან პრეზიდენტი პუტინი ჩვენს იდენტობას არ აღიარებს. არ აღიარებს, რომ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს აქვს არსებობის უფლება. ამიტომაც გვესმის, რომ ჩვენ, გამარჯვების გარდა, სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია. რადგან ეს არის ომი ჩვენი გადარჩენისთვის. გამარჯვება პირველ რიგში ნიშნავს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი განზრახვა სხვისი ტერიტორიების მიტაცება არ არის, თუმცა გვსურს, რომ დავიბრუნოთ ყველაფერი, რაც ჩვენ გვეკუთვნის“.

დმიტრო კულებას Bloomberg-ის ეთერში ასევე ჰკითხეს, რა მინუსები აქვს „დონბასის დათმობას ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ“? და სხვა მსგავს თეორიებს.

„ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ეს ომი მიმდინარეობს, არის ის, რომ 2014 წლიდან ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, ნაწილობრივ ამერიკა და სხვა ევროპული ქვეყნები, ყოველთვის „სანახევრო“ პოლიტიკას ატარებდნენ რუსეთის წინააღმდეგ“, – უპასუხა კულებამ. გადაცემის წამყვანმა კი ჰკითხა, ხომ არ იყო ამის მიზეზი ის, რომ პუტინის ეშინოდათ? – „ყოველი ქვეყანა განსხვავებულია, ყველას თავისი მიზეზი აქვს, რომ გაატაროს ერთი ან მეორე პოლიტიკა. თუმცა ეს ერთ-ერთი მიზეზია, რისთვისაც ეს ომი მიმდინარეობს. ყოველთვის ყველა გვეუბნებოდა – უკრაინავ, შენ უნდა დათმო ეს, რომ პუტინი დამშვიდდეს, შენ უნდა დათმო ის, რომ ომი თავიდან აირიდო. ახლა ეს ომი დაიწყო. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – მთელი ეს პოლიტიკა, რომ უკრაინას რაღაც უნდა გაეთვალისწინებინა, ჩავარდა. ამან არ იმუშავა. ჩვენთვის დასმული შეკითხვა – თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ცეცხლის შესაწყვეტად, ომის დასასრულებლად? – უნდა დაისვას რუსეთისთვის: რა უნდა გააკეთოს რუსეთმა? და ახლა მინდა, მოვუწოდო გერმანიას, საფრანგეთს, ამერიკას, რომ მართლაც შეცვალონ თავიანთი პერსპექტივა ამ საკითხზე. ჩვენ ჯერ კიდევ განხილვის პროცესში ვართ, მაგრამ პრინციპში მათ ძალიან კარგად ესმით, რომ აქ არსებობს შავი და  არსებობს თეთრი; და რომ სწორედ რუსეთია პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ხდება“.

ჟურნალისტი: დიდი დისკუსია იყო იმაზე, რომ, სავარაუდოდ, მაკრონმა ზელენსკის უთხრა, დაეთმო გარკვეული ტერიტორია მშვიდობის სანაცვლოდ. ეს ინფორმაცია საფრანგეთმა უარყო. მსოფლიო ლიდერებიდან, ვინმეს უთქვამს, რომ დაგეთმოთ ყირიმი, დაგეთმოთ რამე აღმოსავლეთით, გიგრძნიათ წნეხი ამ მიმართულებით?

კულება: მე არ ვესწრებოდი პრეზიდენტ მაკრონისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრას. ამიტომ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა 24 თებერვლამდე  წნეხი არ იყო, მაგრამ გარკვეულწილად ეძებდნენ შესაძლებლობებს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი, რაზე შეიძლებოდა უარი ეთქვა უკრაინას იმისთვის, რომ რუსეთთან შეთანხმებას მიეღწია. თუმცა მინდა, გარკვევით ვთქვა, რომ ყველა, ვინც თვალს ადევნებს ახალ ამბებს უკრაინიდან, ხედავს რა საშინელებებს სჩადის რუსული ჯარი, როგორ ანადგურებენ ქალაქებს. უკრაინას ამაში ვერ დაადანაშაულებენ, ეს არაპროვოცირებული ომია. არც უკრაინას, არც ევროპას, არც ნატოს, არც აშშ-ს, არ მოუხდენია პუტინის პროვოცირება. ამიტომ მან სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამაზე. პუტინისთვის სახის შენარჩუნების გზების ძიება უბრალოდ არასწორი მიდგომაა. აცადეთ, რომ პუტინმა თავად მოძებნოს სახის შენარჩუნების გზა“.

ჟურნალისტი: მინდა, ნატოზეც გკითხოთ, ფინეთი და შვედეთი განაცხადს აკეთებენ. მოვისმინეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამას მიესალმება.  ალბათ, თქვენთვის ეს არასასიამოვნოა, რადგან თქვენც სცადეთ ამ გზის გავლა და ისე არ გამოვიდა, როგორც ელოდით. ამის გამო იმედგაცრუებული ხართ? არის თუ არა თქვენთვის ევროკავშირი ახლა საუკეთესო დასაყრდენი?

კულება: მჯერა, რომ უკრაინა ევროკავშირის საუკეთესო დასაყრდენია, რადგან შეხედეთ, როგორ შეიცვალა ევროკავშირი ბოლო ორ-ნახევარ თვეში. ომის დასაწყისში იყო აღქმა, რომ ნატო ძლიერია, ნატოს შეუძლია მოქმედება და მას შეუძლია დახმარება. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია, არის საჯარო განცხადებებში სხვადასხვა დონეზე შეშფოთების გამოხატვა. ომმა კი დაამტკიცა, რომ ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა. ეს ნატოა, რომელსაც როგორც ალიანსს, როგორც ინსტიტუციას ძალიან მცირე რამის გაკეთება შეუძლია. მოკავშირეები, დიახ, ძალიან დაგვეხმარნენ. საერთაშორისო კოალიციის ძალები, რომლებიც ალიანსის ნაწილს წარმოადგენენ, ძალიან დაგვეხმარნენ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, როგორ დაგვიჭირეს მხარი. თუმცა ნატოს, როგორც ალიანსს არაფერი გაუკეთებია. ევროკავშირი სანქციებით, ძლიერი პოლიტიკური განცხადებებით, ეკონომიკური მხარდაჭერით, სამხედრო დახმარების დაფინანსებით –  როგორც მამოძრავებელი ძალა, დაუბრუნდა სწორ გზას. ევროკავშირს, როგორც გაერთიანებას შეუძლია მომავალი განსაზღვროს და ეს უკრაინაა, რომელმაც მათ მისცა შესაძლებლობა, გვიჩვენოს, რომ ეს მას შეუძლია.