კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა.

თეა წულუკიანის მოადგილეები იქნებიან: კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია.

„უპირველესად, მინდა, წარმოგიდგინოთ მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი კახა სიხარულიძე. ბატონი კახა სიხარულიძე ჩვენ ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ასაკის ადამიანია. მას აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობისა ჩვენ შორის და ასევე, აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება, ვინც აქ ვართ.

კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი. ის დიპლომატიურ სამსახურშია, ემსახურება საქართველოს 1993 წლიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა დროს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას და ის იყო ასევე გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.

კახა სიხარულიძე გახლდათ ასევე ჩვენი ქვეყნის ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაზე. ის გახლავთ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი და ავტორი წიგნისა „ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა“. ბატონი კახა ჩემთან ერთად იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, სოსო გიორგაძე უხელმძღვანელებს ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.

„მას ალბათ ჩემთან ერთად წარდგენა ნაკლებად სჭირდება, ვინაიდან ის, როგორც პროფესიონალი იურისტი, წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ფეხს ვიდგამდით პოლიტიკაში, იყო ჩემი გუნდის წევრი. მათ შორის 2012 წლის ზაფხულში და ის სხვადასხვა დროს იკავებდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას. გახლდათ იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ასევე, ბოლო დროს იყო და პირველ აპრილამდე კვლავ იქნება იუსტიციის მინისტრის მოადგილე“, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება მესამე მოადგილეს, იოსებ ბაღათურიას. მინისტრის თქმით, ის იქნება სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს.

„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ასევე ბატონი იოსებ ბაღათურია. მაღალკვალიფიციური, გამოცდილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იურისპრუდენციაში. პრაქტიკოსი იურისტი. ის არის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მრჩეველი. ის ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.

იოსებ ბაღათურია მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში პრაქტიკული, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს, “- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა ბრიფინგზე მოადგილეებს მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა.