„კულტურის პალატასთან მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა მაქვს“ | ბოლქვაძე ოქიტაშვილს შეხვდა

პუბლიკა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარეს, დავით ოქიტაშვილს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს კულტურის კომიტეტისა და კულტურის პალატის  სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს, რომელიც აპრილში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

„კულტურის პალატასთან მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობები მაქვს. ჩვენ ბევრი ერთობლივი პროექტი გაგვიკეთებია. დღეს ბატონ დავითთან ერთად განვიხილეთ ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები.

მოგეხსენებათ, ამ უნივერსიტეტიდან ბევრი თვალსაჩინო ადამიანია გამოსული, ის ტრადიციულად არის დაკავშირებული ბევრ ცნობილ მუსიკოსთან და მე ვფიქრობ, ახალგაზრდებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. იქ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და მინდა  ახალგაზრდებთან ვიყო ახლოს, რომ ტრადიციები გაგრძელდეს“, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.