კულტურის სამინისტრო 26 მაისის კონცერტის მომზადებას ბაკურ ბაკურაძის კომპანიას უკვეთავს

პუბლიკა

საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტრომ 26 მაისს კულტურული და სპორტული ღონისძიებების გასამართად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

დოკუმენტაციის მიხედვით, კულტურის სამინისტრო ამ მომსახურებისთვის 900 000 ლარამდე გამოყოფას გეგმავს, აქედან ნახევარზე მეტს კი – ნახევარ მილიონამდე ლარს, კონცერტის სადადგმო ნაწილში შპს „არტ ლაბორატორიას“ შეუკვეთს. „არტ ლაბორატორიის“ მფლობელი და დირექტორი ბაკურ ბაკურაძეა.

კულტურის სამინისტროს 26 მაისისთვის შემდეგი მომსახურების შესყიდვა სურს:

  • გალაკონცერტის გასამართად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები;
  • თბილისის კონცერტის სატელევიზიო ეთერით გადაცემისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები;
  • თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე სპორტული სივრცის მოსაწყობად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას საჯარო უწყებების ჩართულობის/კოორდინაციის მხრივ და პასუხისმგებლობების მიზნობრივად გადანაწილებას. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულება (N765, 21.04.23)  24 აპრილს მიიღეს. აღნიშნული ღონისძიების მოსამზადებლად საჭიროა გარკვეული პერიოდი, შესაბამისად, აუცილებელია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარება“, – ასე ხსნის სამინისტრო გამარტივებული ტენდერის მოთხოვნას ამ მომსახურებების შესაძენად.

სამინისტრო სულ აპირებს, დახარჯოს 891 191​ ლარი, საიდანაც – 499 456 ლარი „არტ ლაბორატორიის“ მომსახურების თანხაა,  377 735 ლარს შპს „ლუმას“ გადაუხდიან, სცენის მოსაწყობად საჭირო მომსახურებისთვის, 14 ათასი ლარი კი სპორტული ღონისძიებების გასამართად გადაეცემა ორგანიზაციას – „სპორტი ყველასათვის“.

ბაკურ ბაკურაძე  2021 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დამდგმელი რეჟისორი იყო.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურებების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ მომსახურებისთვის 2 800 000 ლარის გადახდას გეგმავს.