კულტურის სამინისტრო: ბაგრატის ტაძრის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვას ანგაჟირებული პირები ცდილობენ

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცილისწამებას უწოდებს ბაგრატის ტაძრის მდგომარეობის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

„ვეხმიანებით რამდენიმე ე.. სამოქალაქო აქტივისტის და ანგაჟირებული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ცილისწამებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბაგრატის ტაძარში უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება, კერძოდ, კულტურის სამინისტრო პრობლემებს უგულებელყოფს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პოლიტიკური ნიშნით ანსხვავებს.

მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება ალბათ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვის მიერ მოწონებული 2009-2012 წლებში ჩატარებულისარესტავრაციო სამუშაოებისშედეგადაც ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან იქნა ამოღებული. ამ ჯგუფს, სავარაუდოდ, ისიც შეუძლია, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რაიმე ნიშნით, მით უფრო პოლიტიკური ნიშნით განასხვავოს”. – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, ბაგრატის ტაძარზე 2009-2012 წლებში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად ძეგლზე შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები გადახურვისა და ფასადის მიმართულებით. “ლიფტის უჯრედის გადახურვისა და ტაძრის კედლებში დატანებული სარკმლების ქვედა ნიშნულზე ხდება წყლის ჩაჟონვა. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.