დღეს, 21 ივნისს კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხუთ კონკურსს აცხადებს:
- „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.
კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 700 000 ლარს და მისი მიზანია: რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და რეგიონებში საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა; მუსიკოს-შემსრულებელთა და შემოქმედებითი ჯგუფების/ანსამბლების მიერ რეგიონებში კლასიკური მუსიკის, ქართული ესტრადისა და ფოლკლორული კონცერტების, საიუბილეო/შემოქმედებითი საღამოების ჩატარების, სახალხო დღესასწაულებსა და საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.
-
„პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით”.
კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში შემოქმედებითი ძიებების გააქტიურება; ახალი ფორმების, გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების, ხელოვანთა ახალი სახელების წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარის ახალი დადგმებით გამდიდრება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა.
-
„სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯებით“.
კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 30-მდე პროფესიული თეატრის მდგრადობისა და მათში შემოქმედებითი პროცესის წახალისების უზრუნველყოფა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ პროფესიულ თეატრებს.
-
„დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.
კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს და მისი მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების ხელმისაწვდომობა; დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების ხელშეწყობა და ადგილობრივ მოსახლეობაში თეატრისადმი ინტერესის გაზრდა; ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და მიმდინარე თეატრალური პროცესის გააქტიურება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დედაქალაქის პროფესიულ თეატრებს განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა.
-
„ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან“.
კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 90 000 ლარს და მისი მიზანია რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და კულტურის სფეროში თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის უზრუნველყოფა; ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან, პერფორმანსების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების, გამოფენების, შეხვედრების, ვორქშოპების, ლექცია-სემინარებისა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარების გზით; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 21 ივნისიდან 2021 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭედის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივლისისა.