კულტურის სამინისტრო კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესის შეჩერებას ეხმაურება

პუბლიკა

კულტურის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესის შეჩერებას მიესალმება.

კონსერვატორიამ 26 სექტემბერს განაცხადა, რომ რექტორის საარჩევნო პროცესს წყვეტს, მიზეზად კი თეა წულუკიანის ბრძანებას ასახელებს. კონსერვატორიის განცხადების თანახმად, მინისტრმა გააუქმა დადგენილება, რომელიც რექტორის არჩევის ვადებსა და შესაბამის პროცედურებს ადგენდა. დადგენილების გაუქმების მიზეზად სამინისტრო, თავის მხრივ, სამართლებრივი ხარვეზით ხსნის.

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ: „გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რისთვისაც ვადად განისაზღვრა ხუთი სამუშაო დღე”.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ხარვეზი აღმოიფხვრება, რის შემდეგაც კონსერვატორია შეძლებს, რექტორის არჩევნები კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით, შეძლებისდაგვარად, სწრაფად ჩაატაროს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა არ იწურება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა“. – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

თეა წულუკიანის მიერ 2023 წლის ივლისში გამოცემული დადგენილების თანახმად, რომლითაც კონსერვატორიის რექტორის არჩევის პროცესი შეწყდა, რექტორი ირჩევა აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. რექტორის არჩევის დღედ 10 ოქტომბერი იყო განსაზღვრული.

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის 4-წლიანი სტაჟი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

არც კულტურის სამინისტრო, არც სახელმწიფო კონსერვატორია არ აკონკრეტებს, რა ხარვეზის გამო შეჩერდა სასწავლებლის რექტორის არჩევნების პროცესი.

20 სექტემბერს მინისტრმა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს ცვლილებები დააანონსა და აღნიშნა, რომ „ხარვეზები არის ხელმძღვანელობაში”.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი, ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არასდროს არაფერი არ ეკითხება (ვციტირებ)“. – განაცხადა წულუკიანმა.

„ხარვეზი სისტემაშია“ – ასე უპასუხა კონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ თეა წულუკიანის შეფასებას. ვრცლად ამ თემაზე გაეცანით მიმაგრებულ ბმულს.

რამდენიმე თვის წინ კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე სოციალურ ქსელში კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა: „მზარავს იმის გაფიქრებაც კი, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა”.