„კულტურის სამინისტრომ აჩვენა, რომ არის მჩაგვრელი“ - ქართველი მონაწილე ევროპალიაზე

პუბლიკა

მუსიკოსმა ანუშკა ჩხეიძემ, რომელიც ევროპალიაზე სპეციალური მიწვევით იმყოფება, აუდიტორიას სიტყვით მიმართა და საქართველოში კულტურის პოლიტიკაზე ისაუბრა.

მან გააკრიტიკა კულტურის სამინისტრო და სოლიდარობა გამოუცხადა მუზეუმების, კინოცენტრისა და ოპერის თანამშრომლებს.

„უნდა ვაღიარო, რომ გასული წელი სავსე იყო გამოწვევებით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემს ქვეყანაში არსებული კულტურულ-პოლიტიკური სიტუაცია.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ აჩვენა, რომ არის მჩაგვრელი, როდესაც საქმე ხელოვნების თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას ეხება.

ადამიანებს ყოველდღიური ზეწოლის გამოცდილება აქვთ – მე წინააღმდეგი ვარ ხელოვნებაში ცენზურის. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა არტისტს, ვინც დაკარგა სამსახური მუზეუმებში პოლიტიკური და კულტურული რეპრესიების გამო, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო კინოცენტრს, სადან ხალხს არ აქვს შესაძლებლობა თავისუფლად გადაიღოს კინო. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ოპერისა და ბალეტის ყველა თანამშრომელს, რადგან მათი შრომითი უფლებები ირღვევა და ისინი იბრძვიან ამის წინააღმდეგ. ჩემს ქვეყანას ვუსურვებ თავისუფალ და ევროპულ მომავალს,” – თქვა მან.

ამ შემოდგომაზე ევროპალია ხელოვნების ფესტივალს საქართველოს უძღვნის. ბელგიაში 4 ოქტომბრიდან დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ გამოფენებს, სპექტაკლებს, კონცერტებს, კინოს, ცეკვისა და თეატრის წარმოდგენებს თუ ქართულ ლიტერატურას.

ანუშკა ჩხეიძე ერთ-ერთ ღონისძიებაზე იყო მიწვეული.