კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა

პუბლიკა

კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს და აცხადებს, რომ 3 სექტემბერს ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოება ჩატარდა, რის შემდეგაც „დასტურდება”, რომ მან გადაცდომა ჩაიდინა.

„ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ. დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული.

ლაშა ბაქრაძის განცხადება ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; არის დისკრიმინაციული და ლაშა ბაქრაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლაშა ბაქრაძე 5 სექტემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მან ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნა, რომ „არასწორი სიტყვა“ გამოიყენა.

ახსნა-განმარტების მიცემისას გამოირკვა, რომ ლაშა ბაქრაძემ წინა დღით, 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მუზეუმის დირექტორს (საკუთარ თავს) და გამოსცა დირექტორის ბრძანება N50, რომლითაც საკუთარი თავი შვებულებაში გაუშვა 5 ოქტომბრის ჩათვლით.

შესაბამისად, დღეს გამოცემული ბრძანების თანახმად, ლაშა ბაქრაძე დირექტორის თანამდებობას აღარ დაიკავებს 6 ოქტომბრიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

3 სექტემბერს ბაქრაძემ პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მათი გაერთიანების ქალ პოლიტიკოსებზე ისაუბრა და თქვა, რომ არჩევანის გაკეთება დღეს ძალიან მარტივია – ამ კონტექსტში მან ახსენა მმართველი პარტიის წარმომადგენლების „ნახმარი სახეები”.

როგორც მოგვიანებით ბაქრაძემ განმარტა, „ნახმარ სახეებზე” განცხადება „ქართული ოცნების” ქალ პოლიტიკოსებს არ მიემართებოდა. მისი თქმით, ის საუბრობდა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების სახეებზე, რომელთა ყურებაც საზოგადოებას მობეზრებული აქვს.